საჯარო პრაქტიკული ლექცია ჯიუ-ში: პლატფორმული ეკონომიკა და თანამედროვე შრომით-სამართლებრივი გამოწვევები - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სამართლის სკოლის ინიციატივით, გაიმართა საჯარო პრაქტიკული ლექცია, რომელიც მიეძღვნა პლატფორმული ეკონომიკის პირობებში არსებულ აქტუალურ შრომით-სამართლებრივ გამოწვევებს.
საჯარო პრაქტიკულ ლექციას ერთობლივად უძღვებოდნენ ჯიუ-ს სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი თამარ გაბისონია, ასევე მოწვეული ლექტორი ჯეფრი ვოუთი (Jeffrey Vogt) – აშშ-ის სოლიდარობის ცენტრის სამართლის უზენაესობის პროგრამის დირექტორი და დასაქმებულთა უფლებების დამცველი იურისტების საერთაშორისო ქსელის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი.
ლექციის ფარგლებში სპიკერებმა განიხილეს პლატფორმული ეკონომიკის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული და სამართლებრივი საკითხები როგორიცაა:
– პლატფორმაზე დასაქმებულთა სამართლებრივი სტატუსი;
– შრომითი ურთიერთობის იდენტიფიცირების სირთულეები, დასაქმებულთა
შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მექანიზმები;
– დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საკითხები და ციფრული შრომის ბაზრის ახალი გამოწვევები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიური განვითარების გავლენას შრომის ტრადიციულ მოდელებზე, არსებული სამართლებრივი რეგულირების შესაბამისობას დასაქმების ახალ ფორმებთან და ამ მიმართულებით ჩამოყალიბებულ საერთაშორისო მიდგომებს.
ლექცია პრაქტიკულ და ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს
შესაძლებლობა ჰქონდათ, სამივე მომხსენებელთან ერთად განეხილათ რეალურ შრომით ურთიერთობებში წარმოშობილი პრობლემები, დაესვათ კითხვები და ემსჯელათ მათი სამართლებრივი გადაწყვეტის გზებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ჯიუ-ს, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და აღნიშნული თემით დაინტერესებული პირები, რამაც შეხვედრა პროფესიული დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან სივრცედ აქცია.