საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუსა და ჩინეთის გეომეცნიერებების უნივერსიტეტის (Wuhan, China) თანამშრომლობის ფარგლებში, 2026 წლის 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ჯიუს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩინეთში განხორციელდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: ,,AI ეკოსისტემის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის”. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი – ელი ელისაშვილი, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ასევე მაღალი რანგის შეხვედრები გამართა მასპინძელი უნივერსიტეტის და სხვა პარტნიორი უნივერსიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.

პროგრამის ძირითადი ნაწილი დაფინანსებული იყო ჩინეთის მთავრობის მიერ, ხოლო საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ დელეგაციის წევრებს თანადაფინანსება გაუწია მგზავრობის, კულტურულ-საგანმანათლებლო ექსკურსიებისა და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო ხარჯების ნაწილში.

პროგრამა აერთიანებდა აკადემიურ, პრაქტიკულ და კულტურულ კომპონენტებს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, გეომეცნიერებებსა და ჩინეთის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას.

საზაფხულო სკოლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას. მონაწილეები გაეცნენ AI-ის ეკოსისტემას, თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებსა და პლატფორმებს, შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში, მათ შორის – ონლაინ თარგმნის სისტემებში, ვებგვერდების შექმნაში, სახის ამოცნობის ტექნოლოგიებსა და სხვა ინოვაციურ მიმართულებებში. პროგრამის ფარგლებში მათ ასევე შექმნეს მცირე პრაქტიკული პროექტები AI-ის გამოყენებით.

ვიზიტის ფარგლებში GIU-ს დელეგაცია ქალაქ ვუჰანში ეწვია iFLYTEK-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას, სადაც გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, რობოტიკის განვითარებასა და ციფრული ტრანსფორმაციის თანამედროვე ტენდენციებს. ასევე შედგა ვიზიტი ფარმაცევტულ კომპანიაში, სადაც მონაწილეებმა პრაქტიკაში იხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლოგისტიკის, მონაცემთა ანალიზისა და გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესებში.

აკადემიურ პროგრამასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთის კულტურის გაცნობას. მონაწილეები დაესწრნენ ჩინური ენის, ტრადიციული კალიგრაფიისა და მხატვრობის მასტერკლასებს, ქვის გრავირებისა და ბეჭდის კვეთის ვორქშოფებს. მათ ასევე მოინახულეს ჩინეთის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები – პეკინის აკრძალული ქალაქი, ჩინეთის დიდი კედელი და ვუჰანის სიმბოლო – ყვითელი წეროს კოშკი, რამაც მათ ჩინეთის ისტორიისა და კულტურის უფრო ღრმად გაცნობის შესაძლებლობას მისცა.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ პროგრამის დასრულების სერტიფიკატი.