ჯიუ-ში ესსეების კონკურსის მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა - GIU
24 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში გაიმართა ესსეების კონკურსის მონაწილეთა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები. წლევანდელი თემა – „ჩინეთი, როგორც ახალი შესაძლებლობების ქვეყანა“ – მონაწილეებს აძლევდა სივრცეს, წარმოეჩინათ საკუთარი ხედვები, ანალიტიკური აზროვნება და თანამედროვე გლობალურ პროცესებზე დაკვირვება.

გამარჯვებულებსა და ყველა მონაწილეს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. მათ შორის პირველი და მეორე ადგილის მფლობელები დასაჩუქრდნენ ჯიუს სინოლოგიის საბაკალავრო პროგრამის 1000-ლარიანი შიდა სასწავლო გრანტით.

ღონისძიება დაჯილდოებით არ დასრულებულა – სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ახლოს გაცნობოდნენ ჩინურ კულტურასა და ტრადიციებს. ჩინელი პედაგოგის მონაწილეობით ჩატარდა იეროგლიფების წერის მასტერკლასი, მოსწავლეებმა მოირგეს ჩინური ეროვნული სამოსი და მოისმინეს მუსიკალური შესრულებები, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ატმოსფერო შესძინა.

აღნიშნულმა დღემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ახალგაზრდებში საერთაშორისო თემებისადმი ინტერესსა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის მნიშვნელობას.

ჯიუ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს ჩართულობისთვის, პედაგოგებს კი – მხარდაჭერისთვის.