კონფერენციის მთავარი თემა იყო “მდგრადი აზროვნება და ინოვაციური მიდგომები: უნივერსიტეტები, როგორც გლობალური ტრანსფორმაციის ლიდერები”.
ღონისძიების ფარგლებში ჯიუ-ს რექტორმა მაღალი დონის საქმიანი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან. მან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ღონისძიების მასპინძელ მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის რექტორთან, ინგა ჟალენიანესთან. აღნიშნულ უნივერსიტეტთან ჯიუს მანამდეც ქონდა “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა, ხოლო ახალი შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის არეალი გაფართოვდება.
ასევე მემორანდუმი გაფორმდა სეულის კიბერ უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ლი უნ ჯუსთან (კორეის რესპუბლიკა). მემორანდუმების ფარგლებში ჯიუ ორივე უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს სტუდენტური გაცვლის, აკადემიური მობილობის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არაფორმალურ პროფესიულ დისკუსიებსა და თემატურ შეხვედრებს, სადაც ჯიუ-ს რექტორი ჩართული იყო მათ შორის ქალთა ლიდერობის თემაზე გამართულ სპეციალურ შეხვედრაში.
რექტორის ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნების გაძლიერება: საერთაშორისო აკადემიური ინტეგრაციის პროცესის განვითარება, გლობალური თანამშრომლობის გაფართოება და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პოზიციონირება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.