იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, Expertise France-ის მხარდაჭერით.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე დაფუძნებული სამართლებრივი უნარების განვითარებას, შრომის სამართლის აქტუალური საკითხების სიღრმისეულ გააზრებასა და პროფესიულ გარემოსთან დაახლოებას. იმიტირებულმა პროცესმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, რეალურ სასამართლო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებულ ფორმატში გამოევლინათ სამართლებრივი ანალიზის, არგუმენტაციის, მტკიცებულებათა შეფასებისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები.
პროცესს ესწრებოდნენ შრომის სამართლის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილე სტუდენტებს პროფესიული შეფასებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატები. ამასთან, ცალკეული მონაწილეები ისარგებლებენ სპეციალური ბენეფიტით — შრომის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციაში სტაჟირების შესაძლებლობით.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს, Expertise France-სა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაღრმავდება და სტუდენტებს არაერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და პროფესიულ შესაძლებლობას შესთავაზებს.
GIU-ს სამართლის სკოლა აგრძელებს სტუდენტებზე ორიენტირებული, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სამართლებრივი განათლების ხელშეწყობას