არაფორმალური განათლება - ის, რაც განვითარებს - GIU
Category ბლოგი

,,ნაცნობი, თუმცა ასე უცხო”. სწორედ ასეთია არაფორმალური განათლება. ის რაც ცვლის შენს  შინაგან სამყაროს და აუმჯობესებს გარე სოციუმს.

არაფორმალური განათლება დღევანდელ რეალობაში საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან ადგილს  იკავებს. ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანია,  მქონდეს შესაძლებლობა, ვიყო როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების  ნაწილი და ორივე მიმართულებით განვავითარო საკუთარი თავი.

ხშირად მომისმენია შეკითხვა: ,,რას გვაძლევს არაფორმალური განათლება ისეთს, რასაც არგვაძლევს ფორმალური“?

სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრ რამეს. დაახლოებით, ხუთი წელია არაფორმალური განათლება ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და ამ დროის განმავლობაში მოახერხა  მოეცა ჩემთვის მიმართულება, ეჩვენებინა სწორი გზა და დიდი როლი ეთამაშა პროფესიის არჩევაში. იმისთვის რომ არაფორმალური განათლებით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესებულიყო და მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ამაღლებულიყო, ორი წლის წინ, ხუთ თანამოაზრესთან ერთად, ჩამოვაყალიბე ახალგაზრდული საინიციატივო-საორგანიზაციო გუნდი, რომელიც აერთიანებს ხობის რაიონის  ახალგაზრდებს და აძლევს მათ საშუალებას, შექმნან უკეთესი მომავალი.

წინ ძალიან ბევრი დასახული მიზანი გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებისთვისშევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს  და რაც მთავარია შეძლებენ საკუთარ თავის განვითარებას.

მე ახლა სტუდენტი ვარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აკადემიური ნაწილი-სწავლა, შევუთავსო არაფორმალურ განათლებას. ამისთვის თავად უნივერსიტეტშიც გამოვნახე შესანიშნავი საშუალება – სტუდენტური თვითმმართველობა, სხვა სტუდენტებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობ, ბევრად უფრო საინტერესო გავხადო  ჩემი სტუდენტური ცხოვრება. უნივერსიტეტს ფარგლებს გარეთაც მრავალ პროექტში ვარ ჩართული. არის საკითხები, სადაც არაფორმალური განათლება გაცილებით  უფრო მნიშვნელოვან ცოდნას მაძლევს, ვიდრე ფორმალური და ეს ორი ფორმა ავსებს კიდეც ერთმანეთს.

როდესაც პროექტს ვირჩევ, სოციალური კაპიტალი ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.არაფორმალური სივრცე მაძლევს საშუალებას გავიცნო ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის  მომავალს უკეთესობისკენ ცვლიან.  ემოციები, გამოცდილება, კავშირები, მოგონებები და ურთიერთობები, რომელსაც არაფორმალური სივრცე ქმნის, ცვლის ჩვენს შეხედულებებს, ამაღლებს პასუხისმგებლობის გრძნობას, მოგვიწოდებს მაღალი სამოქალაქო ჩართულობისკენ, გვასწავლით საკუთარი თავის რეალიზებას და გვაძლევთ საშუალებას იყოთ ის, ვინც ვართ.

ხშირ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთული ეტაპია. ფიქრობთ წინაღობებზე, დაბრკოლებებზე, საზოგადოების  აზრზე, პირად შესაძლებლობებზე და სიფრთხილეს იჩენთ, მაგრამ დამერწმუნეთ, მეგობრებო, არაფორმალური სივრცე არის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ იყით ის, ვინც ხართ ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე. გადადგით პირველი  ნაბიჯი და მიეცით საკუთარ თავს თავისუფლების შეგრძნების, განვითარების საშუალება.

ფორმალური, არაფორმალური და ინფორმალური განათლება ფაზლივითაა, იმდენად ავსებენ  ერთმანეთს, რომ საბოლოო ჯამში ვიღებთ შესანიშნავ შედეგს.

ნუ დააყოვნებთ, დაიწყეთ განვითარება პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში და იყავით ის,  ვინც ხართ!

FAQ