GIU-ს და CIEC-ის საზაფხულო სკოლა ჩინეთში წარმატებით დასრულდა! - GIU
GIU-ს და CIEC-ის საზაფხულო სკოლა ჩინეთში წარმატებით დასრულდა! 🇨🇳
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩინეთში რიგით მესამე საზაფხულო სკოლა წარმატებით დასრულდა. 9-20 აგვისტოს ქართველი მონაწილეები თიენძინსა და პეკინს ეწვივნენ და უნიკალურ საგანმანათლებლო-კულტურულ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა.
საზაფხულო სკოლის მასპინძელი იყო თიენძინის უნივერსიტეტი (Tianjin University) – ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული უნივერსიტეტი, რომელიც 1895 წელს დაარსდა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს ჩინური ენის გაკვეთილები, ჩაერთნენ ჩინური კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მასტერკლასებში, დაესწრნენ ოფიციალურ გახსნისა და დახურვის ცერემონიებს და მოინახულეს თიენძინისა და პეკინის მნიშვნელოვანი კულტურული და ტურისტული ადგილები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ GIU-ს სტუდენტები საზაფხულო სკოლის მონაწილეთა შორის არა მხოლოდ აქტიურად იყვნენ ჩართულები, არამედ ჯგუფის ლიდერებადაც წარადგენდნენ საქართველოს. მათთან ერთად პროგრამაში მონაწილეობდნენ GIU-ს ქართველი და ჩინელი პედაგოგები, რომლებიც მთელი მოგზაურობის განმავლობაში მონაწილეებს ხელმძღვანელობდნენ და საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც აკადემიურ გამოცდილებას, საერთაშორისო გარემოს, კულტურულ გაცვლასა და თავგადასავალს ერთ სივრცეში აერთიანებდა.
GIU-სთვის საერთაშორისო განათლება მხოლოდ აუდიტორიით არ შემოიფარგლება – ჩვენი სტუდენტები ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების საძიებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიდიან.
მესამე საზაფხულო სკოლამ ჩინეთში მონაწილეებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, ახალი მეგობრები, საერთაშორისო გამოცდილება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისცა გლობალური განათლების გზაზე.
GIU – განათლება, რომელიც საზღვრებს სცდება. აქედან იწყება სვლა მსოფლიოსკენ!