ფორუმის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორი, პროფესორი ელისო ელისაშვილი.
ღონისძიებამ სტუდენტები, ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალი გააერთიანა ხელოვნური ინტელექტის გავლენის, განათლების ხარისხისა და სწავლების თანამედროვე მიდგომების შესახებ მსჯელობისთვის.
ფორუმის მიზანი იყო უმაღლეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გააზრება, ინოვაციური პრაქტიკის გაზიარება და ხარისხის კულტურის გაძლიერება. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო როგორც სასწავლო პროცესის ტრანსფორმაციას, ისე ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში უნივერსიტეტის, ლექტორისა და სტუდენტის როლს.
ფორუმზე მოხსენებები წარმოადგინეს:
- პროფესორმა მარიამ დარბაიძემ – ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით;
- პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა – GenAI კონსულტანტი და ტრენერი;
- ლაშა ნოზაძემ – GIU-ს ასოცირებული პროფესორი;
- მარიამ ეკალაძემ და თემო დათუნაშვილმა – GIU-ს სტუდენტები.
მოხსენებების ფარგლებში განხილული იყო გენერაციული ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივები და AI ინსტრუმენტების გამოყენება სწავლება-სწავლის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებს, მონაცემებზე დაფუძნებულ ხარისხის მართვას, აკადემიურ კეთილსინდისიერებასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებს.
ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტური პერსპექტივის წარმოჩენას დაეთმო. სტუდენტებმა გააზიარეს AI-ის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი ხედვები იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია სწავლის პროცესს, საგანმანათლებლო საჭიროებებსა და მომავლის განათლების მიმართ მოლოდინებს.
ღონისძიება დასრულდა ღია დისკუსიით – „AI – საფრთხე თუ შესაძლებლობა უმაღლესი განათლებისთვის?“. კითხვა-პასუხის ფორმატში მონაწილეებმა მომხსენებლებთან ერთად იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებაზე, მის შესაძლებლობებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც განათლების ხარისხის შენარჩუნებასა და განვითარებას უკავშირდება.
ფორუმმა ხელი შეუწყო აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაცვლას, განსხვავებული პერსპექტივების გაზიარებასა და განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გააზრებული გამოყენების შესახებ პროფესიულ დიალოგს.
GIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური რეგულარულად მართავს საგანმანათლებლო და პროფესიულ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და განათლების ხარისხის განვითარებას.