ჯიუ-ს რექტორისა და სამართლის სკოლის დეკანის საქმიანი ვიზიტი ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში - GIU
2026 წლის 17–23 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორი, ელი ელისაშვილი და სამართლის სკოლის დეკანი, თათია დოლიძე, „Erasmus+“-ის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ Bratislava University of Economics and Management-ში (სლოვაკეთის რესპუბლიკა).

ვიზიტის ფარგლებში ჯიუ-ს წარმომადგენლებმა არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გამართეს. ისინი შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ლუბოშ ჩიბაკს, და განიხილეს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრები ასევე გაიმართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობების, უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა და სხვა მიმართულებებით მომუშავე დეპარტამენტებთან. განხილვის ძირითად თემებს წარმოადგენდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარება, ერთობლივი პროექტები, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა და სამომავლო პარტნიორული ინიციატივები.

ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტსა და ჯიუ-ს შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჯიუ-ს რექტორმა, პროფესორმა ელი ელისაშვილმა და ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ლუბოშ ჩიბაკმა.

ვიზიტის ფარგლებში ჯიუს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში თემაზე — „სამუშაო რუტინით გამოწვეული გადაღლის პრევენცია და რისკებისა და კრიზისების მართვა უმაღლეს საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სტრუქტურათა პრაქტიკაში“. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს ბულგარეთის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.

აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ უნივერსიტეტს შორის უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებებით.