საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს რექტორი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, სიასის უნივერსიტეტში იმყოფებოდა - GIU
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს რექტორი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, სიასის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის დამფუძნებელსა და საბჭოს თავმჯდომარეს, დოქტორ შონ ჩენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტურ გაცვლით პროგრამებსა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

დოქტორ შონ ჩენმა მაღალი შეფასება მისცა GIU-ს სტუდენტების ჩინური ენის ცოდნის დონეს, აკადემიურ მომზადებასა და სწავლისადმი დამოკიდებულებას და გამოთქვა მზადყოფნა, მომავალში სიასის უნივერსიტეტმა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში GIU-ს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს უმასპინძლოს.

ვიზიტის ფარგლებში რექტორი ასევე შეხვდა GIU-ს ოთხ სტუდენტს, რომლებიც ამჟამად სიასის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სწავლობენ. სტუდენტებთან ცალკე, არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრაზე რექტორი დაინტერესდა მათი აკადემიური გამოცდილებით, სასწავლო პროცესითა და ჩინეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხებით.

GIU-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტების აკადემიური პროგრესი და კეთილდღეობა. რექტორი პირადად ინტერესდება საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების გამოცდილებით და მათთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სტუდენტებისთვის კი რექტორთან შეხვედრა დამატებითი მხარდაჭერისა და მოტივაციის მნიშვნელოვანი გამოხატულება იყო.

GIU და სიასის უნივერსიტეტი თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტუდენტებისთვის ახალი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას მომავალშიც გააგრძელებენ.