ჯიუ-ს და საქართველოს განათლების სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საბერძნეთში „Re-Direction“ პროექტის ფარგლებში - GIU
2026 წლის 27-30 მაისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორი ელისო ელისაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გრიგოლ კალანდაძე და პროფესორი ზოია ადამია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ათენში “Erasmus+”-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „Re-Direction“-ის ფარგლებში.

აღნიშნულ პროექტში ასოცირებული პარტნიორის სტატუსით ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. შესაბამისად, ქართულ დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მაია შუხოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ანა ბარამია.

ვიზიტის ფარგლებში ჯიუ-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ პარტნიორთა ტრანსნაციონალურ შეხვედრას, რომელსაც საბერძნეთის მეტროპოლიტენ კოლეჯი მასპინძლობდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვა პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოდან, უკრაინიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან.

შეხვედრისას მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განსაკუთრებით სასწავლო კურსების განახლებისა და პილოტირების მიმართულებით. ასევე იმსჯელეს პროექტის შემდგომ ეტაპებზე, მათ შორის ტრანსნაციონალური პარტნიორების მომდევნო შეხვედრისა და ფინალური კონფერენციის ორგანიზებაზე, რომელიც კიევის სამედიცინო უნივერსიტეტის კატოვიცეს (პოლონეთი) კამპუსში გაიმართება.