კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების მეცნიერული ანალიზი, თანამედროვე გამოწვევებზე მეცნიერული ხედვების გაზიარება და სხვადასხვა დარგის ჭრილში ოპტიმალური საკანონმდებლო, ეთიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების განხილვა.
საპატიო მომხსენებლებად წარდგნენ:
- პროფ. ელისო ელისაშვილი – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU-ს რექტორი;
- ბარბარა სტეპიენი – სამართლის დოქტორი, იაგელონის უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთი);
- დავით შაქარიშვილი – ჰელსინკისა და ბიშკეკის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის მკვლევარი (აშშ), რომელმაც ისაუბრა თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და კრიზისების მართვა“;
- სეზაი ჩაგლაიანი – OMU-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (აკადემიური გამოცდილება: შეფილდის უნივერსიტეტი);
- რაფაელ ანხელ კასას სანჩესი – ვალენსიის უნივერსიტეტი, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი, გაეროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ორი თემატური სესია:
- სამართლისა და პოლიტიკის მიმართულება
(მოდერატორი: ასისტენტ-პროფესორი აკაკი ბერიძე)
სესიაზე განხილულ იქნა ხელოვნური ინტელექტის გავლენა სამართლებრივ სისტემებზე, ადამიანის უფლებებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე, ეთიკასა და საავტორო უფლებებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ალგორითმული მმართველობისა და AI-ის გამოყენების სამართლებრივ და ეთიკურ დილემებს.
- ბიზნესის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულება
(მოდერატორი: პროფ. თათია დოლიძე)
სესიამ მოიცვა ციფრული მეწარმეობა, ბიზნესისა და ტურიზმის ტრანსფორმაცია, მედია და საზოგადოებრივი ურთიერთობები, სოციალური ცვლილებები და გენდერული ასპექტები ციფრულ ეკონომიკაში.
დისკუსიები გამოირჩეოდა პრაქტიკული მაგალითებითა და თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებული ანალიზით.