19 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-სა და შპს „ლაივ საფორთს“ (LiveSupport) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და მხარეთა შორის თანამშრომლობის განვითარებას, უპირველესად, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით.
„ლაივ საფორთი“ კომპანიებს IT აუთსორსინგს, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მართვას, ტექნიკურ მხარდაჭერას, კიბერუსაფრთხოებისა და IT საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებთან დაახლოებას.
თანამშრომლობა ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობას, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ინტეგრაციას, სტუდენტთა პროფესიული ორიენტაციისა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობას.
მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი პროფესიული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებების – სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების – დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, IT ინფრასტრუქტურის მართვის, ტექნიკური მხარდაჭერისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.
თანამშრომლობა ასევე მოიცავს აკადემიური და მოწვეული პერსონალის, სტუდენტებისა და მკვლევრების ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, ერთობლივი პუბლიკაციების მომზადებასა და სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას.