GIU-ს სტუდენტებმა ,,სტუდფესტი 2025“-ის მოხალისეობის კონკურსში გაიმარჯვეს - GIU

GIU-ს სტუდენტებმა „სტუდფესტი 2025“-ის მოხალისეობის კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს და ისინი სასწავლო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრებიან!

მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალში „სტუდფესტი 2025“ საქართველოს მასშტაბით 15 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სადაც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტით „ჩვენ თანასწორები ვართ“ „სტუდფესტი 2025“-ის მოხალისეობის კონკურსში ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა განახორციელეს სოციალური კამპანია „ცვლილებებს იწყებ შენ“, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მიმართ და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობა.

კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მობილური აპლიკაციის შექმნის ინიციატივა, რომელიც პირველ ეტაპზე თბილისში მცხოვრებ შშმ პირებს დაეხმარება მათთვის საინტერესო ადგილების მოძიებაში.

ფესტივალის ჟიურიმ GIU-ს სტუდენტთა ინიციატივა საუკეთესო პროექტად დაასახელა და მათ დამსახურებული გამარჯვება მიანიჭა.

წელს „სტუდფესტში“ მხოლოდ 400 პროექტი გახდა გამარჯვებული – მათ შორის GIU-ს სტუდენტების გუნდი:
მარი ლომაია, ანი კვარაცხელია, გვანცა ბექაური, თამთა ბოლქვაძე და თორნიკე ყალაგაშვილი. გუნდს პროექტის მიმდინარეობის პროცესში კოორდინირებას უწევდა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის უფროსი მათე წულაია.

სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ელი ელისაშვილმა, პირადად მიულოცა წარმატება და გადასცა წამახალისებელი ჯილდოები.

გამარჯვებული სტუდენტები მალე გაემგზავრებიან სასწავლო ვიზიტით პორტუგალიაში, სადაც ეწვევიან ლისაბონისა და ბრაგას ახალგაზრდულ ცენტრებს, გაეცნობიან მათ გამოცდილებას და თავიანთ იდეებს გაუზიარებენ პორტუგალიელ ახალგაზრდებს.

ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს საერთაშორისო დონეზე!