მარკეტინგის კლუბი

მარკეტინგის კლუბი GIU-ში

აქციე იდეა ბრენდად!

GIU Marketing Club არის სტუდენტების გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და უნივერსიტეტის მარკეტინგულ და საკომუნიკაციო აქტივობებში მათ აქტიურ ჩართულობას. მარკეტინგის კლუბში სტუდენტური იდეები რეალურ პროექტებში აისახება.

კლუბის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, შექმნან ციფრული კონტენტი, ჩაერთონ ღონისძიებების ორგანიზებაში, შეიმუშაონ ახალი იდეები და იმუშაონ რეალურ პროექტებზე უნივერსიტეტის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდთან ერთად.

კლუბი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ პროფესიული უნარები, დაამყარონ ახალი კავშირები, შექმნან საკუთარი პორტფოლიო და გახდნენ უნივერსიტეტის განვითარების აქტიური მონაწილეები.

რას სთავაზობს მარკეტინგის კლუბი წევრებს?

რეალური პროექტები უნივერსიტეტში
წევრები უნივერსიტეტის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდთან ერთად მუშაობენ რეალურ კამპანიებზე: გეგმავენ, ახორციელებენ და აფასებენ შედეგს.

ციფრული მარკეტინგი და კონტენტი
სოციალური მედიის მართვა, ციფრული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა და ანალიტიკა პრაქტიკულ სამუშაოებში.

ღონისძიებების ორგანიზება
კლუბის წევრები ჩართულნი არიან უნივერსიტეტის ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.

შეხვედრები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან
სარეკლამო სააგენტოების, ბრენდ-მენეჯერებისა და მარკეტერების მასტერკლასები და გასვლითი ვიზიტები კომპანიებში.

კრეატიული ჩელენჯები
კლუბის შიდა და სტუდენტური კონკურსები, სადაც გუნდები შეზღუდულ დროში ქმნიან კამპანიას და ავითარებენ ახალ იდეებს.

მარკეტინგის კლუბში გაწევრიანება ნიშნავს:

  • რეალურ პორტფოლიოს უკვე სწავლის პერიოდში;
  • ციფრული მარკეტინგის მოთხოვნად უნარებს;
  • ნაცნობობას ინდუსტრიის პროფესიონალებთან;
  • გუნდურ მუშაობას და კრეატიულ აზროვნებას;
  • და რაც მთავარია, უნივერსიტეტის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. GIU Marketing Club (შემდგომში - კლუბი) არის უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობის გაზრდა უნივერსიტეტის მარკეტინგულ და საკომუნიკაციო საქმიანობაში.

1.2. კლუბი საქმიანობას ახორციელებს უნივერსიტეტის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურთან თანამშრომლობით, წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის შიდა წესების შესაბამისად.

მუხლი 2. კლუბის მიზნები და საქმიანობა

2.1. კლუბის მიზნებია:

  • სტუდენტების პროფესიული და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღება;
  • უნივერსიტეტის მარკეტინგულ კამპანიებსა და ღონისძიებებში სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდა და აბიტურიენტებთან კომუნიკაციის გაძლიერება;
  • სტუდენტური ინიციატივებისა და იდეების მხარდაჭერა.

2.2. კლუბის წევრები მონაწილეობენ კონტენტის შექმნაში, ღონისძიებების ორგანიზებაში, საინფორმაციო კამპანიებში, სკოლებთან და აბიტურიენტებთან კომუნიკაციასა და სხვა შესაბამის აქტივობებში.

მუხლი 3. კლუბში გაწევრიანების პირობები

3.1. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს GIU-ს ნებისმიერი აქტიური სტუდენტი, რომელიც დაინტერესებულია კლუბის საქმიანობით.

3.2. კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ხორციელდება სარეგისტრაციო ფორმის შევსების საფუძველზე.

3.3. კლუბის წევრობის მსურველი უნდა იზიარებდეს კლუბის მიზნებს, იცავდეს უნივერსიტეტის წესებს და მზად იყოს კლუბის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.

3.4. კლუბის წევრთა რეგისტრაციასა და გაწევრიანების პროცესს კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

3.5. წევრს უფლება აქვს, საკუთარი სურვილით შეწყვიტოს კლუბის წევრობა.

მუხლი 4. კლუბის წევრთა უფლებები და მოვალეობები

4.1. კლუბის წევრს უფლება აქვს:

  • მონაწილეობა მიიღოს კლუბის პროექტებსა და ღონისძიებებში;
  • წარადგინოს იდეები და ინიციატივები;
  • მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი ან რეკომენდაცია, დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

4.2. კლუბის წევრი ვალდებულია:

  • დაიცვას უნივერსიტეტის შიდა წესები და კლუბის დებულება;
  • კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;
  • პატივი სცეს კლუბის სხვა წევრებს და ითანამშრომლოს გუნდთან;
  • დაიცვას კონფიდენციალურობა და უნივერსიტეტის რეპუტაცია;
  • უნივერსიტეტის სახელით ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისას იმოქმედოს შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 5. კლუბის მართვა და საქმიანობის ორგანიზება

5.1. კლუბის საქმიანობას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

5.2. კლუბის საქმიანობა ხორციელდება სამუშაო გეგმების, შეხვედრების, პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით.

5.3. კლუბის წევრები მონაწილეობენ იდეების შემუშავებასა და პროექტების განხორციელებაში, ხოლო უნივერსიტეტის სახელით გასავრცელებელი მასალები წინასწარ თანხმდება შესაბამის სამსახურთან.

მუხლი 6. დასკვნითი დებულებები

6.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია და არ გულისხმობს ანაზღაურებადი დასაქმების ვალდებულებას.

6.2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება უნივერსიტეტში დადგენილი წესით.

6.3. დებულება ძალაში შედის უნივერსიტეტის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.

დამტკიცების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2026 წელი

პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული: მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური

კლუბის მენტორი მარკეტინგის კლუბზე

„მარკეტინგში იდეა მხოლოდ მაშინ იძენს ღირებულებას, როცა ადამიანებამდე აღწევს. ამიტომ ჩვენი კლუბის წევრები მხოლოდ თეორიას არ სწავლობენ: ისინი უნივერსიტეტის მარკეტინგის გუნდთან ერთად რეალურ კამპანიებზე მუშაობენ, თავად ქმნიან კონტენტს და საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ აღწევს მათი ნამუშევარი ათასობით ადამიანამდე.

ყველაზე მეტად მახარებს, როცა სტუდენტი, რომელიც თავიდან საკუთარ იდეას მორიდებით გვიზიარებდა, რამდენიმე თვეში უკვე თავად ხელმძღვანელობს პროექტს. სწორედ ამ თავდაჯერებულობასა და შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს კლუბი სტუდენტებს.

ჩვენი მიზანია, რომ ყოველმა წევრმა თავი უნივერსიტეტის ნამდვილ ნაწილად იგრძნოს და სწავლა ახალი უნარებითა და რეალური პორტფოლიოთი დაასრულოს.“

მარკეტინგის კლუბის მენტორი
ანასტასია გოგოლაური

კლუბის სიახლეები