საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ლექტორი „Erasmus+“-ის მობილობის პროგრამით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა - GIU
2025 წლის 1-7 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ასისტენტ-პროფესორი ნინო ჭანტურია „Erasmus+“-ის პერსონალის მობილობის პროგრამით ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში (სლოვაკეთის რესპუბლიკა) იმყოფებოდა.

ნინო ჭანტურიამ მონაწილეობა მიიღო „Erasmus+“-ის საერთაშორისო კვირეულში, სახელწოდებით „ინოვაციური ჰორიზონტები: გლობალური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლებაში“. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის დაარსების 20 წლისთავის აღსანიშნავად.

აღნიშნული საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ნინო ჭანტურიამ ასევე ლექციები ჩაუტარა მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური პროგრამების სტუდენტებს და მონაწილეობა მიიღო თემატურ ვორქშოპებსა და სხვა აკადემიურ აქტივობებში.

საერთაშორისო კვირეულს ასევე ესწრებოდნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოდან, მათ შორის უკრაინიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და სხვ.